ისანი , ისტორიული უბანი თბილისში, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. წყაროებში პირველად მოხსენიებულია VIII-IX საუკინეებში
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადატანილი აბოს გვამი დაწვეს “ადგილსა მას, რომელ არს აღმოსავლით ციხესა მას ქალაქისა, რომელსა ჰრქვიან სადილეგო, პირსა ზედა კლდისასა, რომელ არს კბოდეი…” (იოანე საბანისძე) 853 წ. ბუღა თურქმა ფიჭვის ხით ნაშენი “სოღდებილის მედინა (ციხე)” გადაწვა, რის შემდეგაც მის ადგილას IX. ს–ში არაბებმა ააგეს ძნელად ასაღები ციხე–სიმაგრე “ისან–ჰისამი”. შემდგომში ციხესიმაგრეს სახელი ციხის მიმდებარე ტერიტორიასაც დაერქვა და იგი ადგილის საკუთარ სახელად იქცა.
როგორც მემატიანე გადმოგვცემს, მეფე ბაგრატ VI–მ თბილისის დაკავების შემდეგ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადებული “ჩააგდეს ხიდი და არა მოსცეს ისანი” (მატიანე ქართლისაი). 1184 წელს ისანში მყოფ თამარ მეფეს მამამისის მეფე გიორგი III–ს გარდაცვალების ამბავი აუწყეს… “ქალაქსა შინა ტფილისსა, საჯდომსა მათსა ციხესა ისანის…” (“ისტორიანი და აზმანი შარვანდედთანი”). 1185 წ. ყუთლუ–არსლანმა ისნის ველზე დადგა “კარავი”. XII-XIII სს–ში ისანში იდგა სამეფო სასახლე, XII ს–ში მეტეხის ღვთისმშობლის სახელზე ააგეს ეკლესია, რის გამოც ამ ადგილს საკუთარი სახელი გაუჩნდა – “მეტეხი” და ისნის უბანი, ისევე როგორც “ისნის ციხე”, გვიანდელი შუა საუკუნეებში მეტეხის სახელით იხსენიება, ხოლო “ისნის ველმა” “ავლაბრის” სახელი დაიმკვიდრა.
No comments:
Post a Comment