ეკლესიები


წმიდა სამების საკათედრო ტაძარი

 

1989 წლიდან საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. და სწორედ ამ დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით წმიდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტისათვის არქიტექტორთა კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც გამარჯვება წილად ხვდა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტს. ტაძარი, რომლის მშენებლობაც შემდგომში ათასწლეულის მშენებლობად შეფასდა, ქრისტეშობის 2000 წლისთავს მიეძღვნა.
კონკურსი ორ ტურად ჩატარდა და ორივე ტურში ხუროთმოძღვართა 110-ზე მეტი ჯგუფი მონაწილეობდა. ზოგიერთ მათგანს ტაძრის გეგმის ორი და სამი ვარიანტიც კი ჰქონდა წარმოდგენილი. ცალკეულ ნამუშევარზე ორი-სამი და ზოგზე შვიდი ავტორიც მუშაობდა. იყო ისეთი პროექტებიც, რომლებიც მთელი სახელოსნოს მიერ იყო წარმოდგენილი. ხსენებული კონკურსისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მასში უცხოეთში მოღვაწე ქართველი არქიტექტორებიც მონაწილეობდნენ. საუკეთესო პროექტის შერჩევისას კომისიამ, რომელსაც სათავეში თავად უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ედგა, გაითვალისწინა ქართული საეკლესიო არქიტექტურის ყველა ძირითადი ტრადიციული კომპონენტი, ასევე სატაძრო კანონიკისათვის მისაღები სიახლეები და უპირატესობა მიანიჭა იმ გეგმას, რომელიც ამჟამად ელიას მთაზე ხორციელდება. ხუროთმოძღვარი არჩილ მინდიაშვილი ძველი საკათედრო ტაძრების ანალიზზე დაყრდნობით შეეცადა, განესაზღვრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი განვითარების დონე დღევანდელობასთან მიმართებაში. მისი თქმით: „სამების საკათედრო ტაძარი არის თანამედროვე ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელშიც ქართული ეკლესიათმშენებლობის დღემდე არსებული ყველა ტრადიცია არის დაცული, და მას თან ერთვის თანამედროვე ნიუანსები“.

მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

მისამართი: მეტეხის აღმართი 1.
ისტორიული ცნობები: ნ. ჩუბინაშვილის აზრით, სიტყვა „მეტეხი“ ბერძნული „მეტოქისაგან“ წარმოსდგება, რაც ნიშნავს „ეპისკოპოსთა ან არქიმანდრიტთა დროებით სადგომს ეკლესიითურთ სხვის ეპარქიაში“. „მეტეხი“ გვხვდება XII საუკუნის ისტორიულ წყაროებში. ამ პერიოდში ხაზართაგან დანგრეული ძველი ტაძრის ნაცვლად, ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალი ტაძარი ააგეს. გადმოცემის თანახმად, ძველ ტაძარში წმინდა შუშანიკი ყოფილა დაკრძალული. თამარის ისტორიკოსის ბასილის ცნობით, როცა მეფეს ქართველთა ლაშქარი შამქორის ბრძოლაში გაუსტუმრებია, თავად ფეხშიშველი მოსულა მეტეხის ტაძარში და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის საქართველო ცრემლებით შეუვედრებია. რუსუდანის მეფობისას მონღოლებმა დაანგრიეს მეტეხის ტაძარი. ეკლესიის შენობა, რომელიც ღვთიური მფარველობის ნიშნად დაჰყურებს თბილისს, წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულმა აღადგენინა და აქ მონასტერიც დააარსა. XV საუკუნის 30-იან წლებში აქ მოღვაწეობდა ცნობილი სასულიერო მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი). შარდენის ცნობით, XVII საუკუნის II ნახევარში მეტეხის ტაძარი მიტოვებული და დაზიანებული ყოფილა. 1661 წელს მეფე ვახტანგ V შაჰნავაზმა ტაძარი აღადგინა, მაგრამ თოფის წამლის საწყობად აქცია.
XVIII საუკუნის I ნახევარში მეტეხის ციხეში ჯერ თურქთა, შემდეგ სპარსთა გარნიზონი იდგა. 1748 წელს ერეკლე მეორემ მეტეხი ბრძოლით მოიპოვა, აღადგინა ეკლესია, შეაკეთა გუმბათი. ამ ფაქტს გვიდასტურებს ტაძრის აღმოსავლეთის კედელზე შემორჩენილი წარწერა. XIX  საუკუნის შუა პერიოდში მეტეხის ტაძარი კვლავ შეუკეთებიათ.
ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ტაძარი უმოქმედოდ იყო. 1979 წლიდან აქ სპექტაკლებს მართავდა სახელმწიფო ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია.
1988 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა განაახლეს. მორწმუნეებმა შეაკეთეს გაძარცვული ტაძრის კანკელი. 1992 წლიდან გარდაცვლილი შვილის სულის საოხად ტაძრის სარემონტო სამუშაოებში ჩაება მშენებელ-ინჟინერი ალექსანდრე ანთაძე.
-
2. ფარნავაზის ძეგლი

სატაძრო კომპლექსი მეტრომშენის დასახლებაში

უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით, მეტრომშენის დასახლებაში შენდება სატაძრო კომპლექსი: წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის და იოაკიმ და ანას სახ. ტაძრები, საშუალო სკოლა, ბაგა-ბაღი, მოხუცებულთა თავშესაფარი, სამრევლო სკოლა და დამხმარე სათავსოები.
-

No comments:

Post a Comment